მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”აუტო უნიონ D-ტაიპი” აუქციონზე გაიყიდება
23:20
”აუტო უნიონ D-ტაიპი” აუქციონზე გაიყიდება

”ქუეილ ლოდჯ ბონჰემის” წლევანდელ აუქციონზე იშვიათი ექსპონატი - 1939 წლის ერთადგილიანი სარბოლი ბოლიდი, ”აუტო უნიონ D-ტაიპი” გაიყიდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია მსოფლიოში და გასაკვირიც არაა, რომ აუქციონის ორგანიზატორები მის მინიმუმ 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დღევანდელი კურსით, 9 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) გაყიდვას იმედოვნებენ.

”აუტო უნიონ D-ტაიპი” იმითაა საინტერესო, რომ ის ლეგენდარული კონსტრუქტორის, ფერდინანდ პორშეს მიერაა შექმნილი. ეს არის 3-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს განლაგებული (იმ დროისთვის იშვიათი შეთანწყობა). თავის მხრივ, ძრავს ორსაფეხურიანი მექანიკური კომპრესორი ემსახურება. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 485 ცხენის ძალას აღწევდს, მისი მეშვეობით კი ავტომობილს თითქმის 300 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის აკრეფა შეეძლო.

1939 წელს ამ ავტომობილით, ნაცისტური გერმანიის კანცლერ ადოლფ ჰიტლერის ფავორიტმა ავტომრბოლმა ჰანს შტუკმა გერმანიის აიფელის რბოლაში (რომელსაც ლეგენდარულ ავტოდრომ ”ნურბურგრინგის” ჩრდილოეთის მარყუჟმა უმასპინძლა) მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი, საფრანგეთის ავტო კლუბის დიდ პრიზზე მეექვსე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, ამ ორივე რბოლაში, შტუკის თანაგუნდელებმა დუბლები შეასრულეს.

უნდა ითქვას, რომ ფიურერი გატაცებული იყო რბოლებით და ცნობილ გერმანელ ავტომრბოლებს დიდ პატივს სცემდა. ჰანს შტუკი კი მისი პირადი მძღოლის მეგობარი იყო. სწორედ ჰიტლერის ხელშეწყობის წყალობით აღწევდნენ 30-იან წლებში ”ვერცხლისფერი ისრები” წარმატებებს. ”ვერცხლისფერ ისრებად” კი, ”მერსედეს-ბენცის” გარდა, ”აუტო უნიონის” საქარხნო გუნდის ბოლიდებიც მოიხსენიებოდნენ (ორივე გუნდის მანქანები არ იღებებოდა და მათ ბუნებრივი, გაპრიალებული ალუმინის ფერი ჰქონდათ).

რაც შეეხება შტუკს, ფიურერს პირველად ის 20-იან წლებში შეხვდა და მას შემდეგ, ნაცისტთა ლიდერი მისი უცვლელი ქომაგი გახდა. შტუკსაც არაერთხელ გაუხარებია გერმანიის ლიდერი, თუმცა 1938 წელს თავი ვერაფრით გამოიჩინა, რის გამოც, მომდევნო სეზონში უგუნდოდ დარჩებოდა, რომ არა ეს-ესის დახმარება, რომელმაც ”აუტო უნიონში” მოაწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღნიშნული ავტომობილი, სხვა 17 სარბოლ ავტომობილთან ერთად, საბჭოთა ჯარმა რუსეთის გზას გაუყენა. მათი უმეტესობა დროთა განმავლობაში განადგურდა, ნაწილი კი მათი კონსტრუქციის შესასწავლად დაშალეს. მოგვიანებით, შტუკის D-ტაიპი უკრაინაში აღმოჩნდა. იქიდან ის ანტიკვარული ავტომობილების ენთუზიასტმა, სერბული წარმოშობის ამერიკელმა პოლ კარასიკმა გამოისყიდა და ანტიკვარული ავტომობილების აღდგენის ბრიტანელ სპეციალისტებს აღადგენინა.

ორი წლის წინ, ჰანს შტუკის D-ტაიპი ”კრისტის” აუქციონზე გაიტანეს, სადაც 12 მილიონ დოლარად შეფასდა, მაგრამ ამ ფასის გადახდა არავინ ისურვა.

ცნობისათვის, ”აუტო უნიონი” ”აუდის” პირდაპირი წინაპარია. მასში გაერთიანებული იყო ოთხი მარკა (სწორედ აქედან მოდის მისი ემბლემა - ოთხი გადაბმული რგოლი) – ”ჰორხი”, ”აუდი”, DKW და ვანდერერი. 1969 წელს ”აუტო უნიონს” ”აუდი NSU აუტო უნიონი” ეწოდა, 1985 წელს კი მას უბრალოდ, ”აუდი” შეარქვეს.
ნანახია: 850 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: