მთავარი » 2009 » დეკემბერი » 19 » ”ბუგატიმ” ღია ”ვეირონის” წარმოება დაიწყო
23:43
”ბუგატიმ” ღია ”ვეირონის” წარმოება დაიწყო

შესანიშნავი გარეგნობა, უზარმაზარი ფასი, სიმძლავრე, რომლის მოთვინიერებასაც გამოცდილი მძღოლის ხელები თუ შეძლებენ და შესაბამისი სიჩქარე, რომელიც ნებისმიერს აუჭრელებს თვალებს და სისხლძარღვებში ადრენალინს მოუზღვავებს და სხვა თვისებები, ”ბუგატი ვეირონს” მრავლად აქვს. მაგრამ მუდამ რაღაცით უკმაყოფილო მომხმარებლებს უფრო მეტი სურთ.

ჰოდა, მათი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ”ბუგატიმ” თავისი ერთადერთი მოდელის უფრო ექსკლუზიური, თავმოხდილი ვერსიის, ”ვეირონ 16.4 გრანდ სპორტის” წარმოება დაიწყო. კომპანიის მოლშაიმის (საფრანგეთი) ქარხანა ამ ავტომობილს სულ 150 ცალს დაამზადებს.

თავისი სიახლის პოტენციური მყიდველისთვის გასაცნობად, ”ბუგატიმ” ქალაქ კანში (საფრანგეთი) სპეციალური, გაცნობის დღე მოაწყო, რომელზეც კუპე ”ვეირონის” მფლობელები მიიწვია და მათ ღია ავტომობილის წინასერიული ვერსიების ტესტირება შესთავაზა.

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ”ბუგატიმ” პებლ ბიჩის (კალიფორნია) შარშანდელ კონკურსზე წარადგინა. მოგვიანებით, ის ავტომობილი ერთმა ავტოკოლექციონერმა (ვინც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა) საქველმოქმედო აუქციონზე 2.9 მილიონ დოლარად შეიძინა. დანარჩენ 149 ავტომობილს კი ფრანგული კომპანია 1.4 მილიონ ევროდ (დაახლოებით, 2 მილიონ დოლარად) გაჰყიდის. სხვათა შორის, ”ბუგატი” აცხადებს, რომ 50 ცალ როდსტერზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი ”ვეირონ 16.4 გრანდ სპორტის” ძარას როდსტერს უწოდებს, რეალურად ის ტარგაა (ასეთი ტიპის ძარას ის ძირითადი თვისება აქვს, რომ სახურავის მოხსნისას, ადგილზე რჩება ძირითადი დამცავი რკალი, რომელიც მძღოლს და მგზავრს ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში იცავს). მას სახურავი ხელით ეხსნება. როგორც წესი, ტარგას ტიპის ძარებზე სუპერავტომობილების მწარმოებლები თავიანთ არჩევანს ხშირად აჩერებენ, რადგან ასე უკეთ ხერხდება შასის მაღალი სიხისტის შენარჩუნება.
როცა სახურავი თავის ადგილზეა, ”ვეირონ 16.4 გრანდ სპორტის” მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ია, ანუ იმდენივე, რამდენიც კუპე ”ვეირონს” აქვს. მოხსნილი სახურავის შემთხვევაში კი მისი მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ-მდე მცირდება. თუმცა ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ ის მსოფლიოში უსწრაფეს ღია ავტომობილად ჩაითვალოს.

ნანახია: 756 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: