მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ჯენერალ მოტორსი” გაკოტრდა
23:13
”ჯენერალ მოტორსი” გაკოტრდა

”ჯენერალ მოტორსმა” დღეს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია აშშ-ისა და კანადის მთავრობებთან. შეთანხმების საფუზველზე, ორივე ქვეყნის მთავრობა პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ერთ დროს უდიდესი კომპანიის რესტრუქტურიზაციაში, რის შემდეგაც, ”უფრო მცირე და ძლიერი, ახალი ჯენერალ მოტორსი” ჩამოყალიბდება.

ამერიკის ისტორიის განმავლობაში გაკოტრებულ კომპანიებს შორის, ”ჯენერალ მოტორსი” სიდიდით მესამეა. გაკოტრების მომენტში, მისი დავალიანებების საერთო მოცულობა 172.81 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ორ-სამ თვეში სრულიად ახალი კომპანია ჩამოყალიბდება, რომელიც გაკოტრებული კომპანიის ვალებისგან აბსოლუტურად თავისუფალი იქნება. განახლებული ”ჯენერალ მოტორსი” გაკოტრებული კომპანიისგან საუკეთესო ბრენდებს - ”შევროლეს”, ”კადილაკს”, ”ბიუიკს” და GMC-ს დაიტოვებს. შედეგად, გაცილებით ნაკლები თანხა დასჭირდება პროდუქციის რეკლამირებას. შემცირდება საპენსიო მომსახურებისა და პენსიაში გასულ თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საჭირო თანხები.

იმისათვის, რომ ავტომწარმოებელმა უპრობლემოდ გააგრძელოს მუშაობა, აშშ-ის მთავრობა მას დამატებით 30 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ცნობისათვის, წელს ”გენერლებს” ქვეყნის მთავრობისგან უკვე 23.4 მილიარდი დოლარი აქვთ მიღებული.

რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ახალი ”ჯენერალ მოტორსის” აქციების 60.8% აშშ-ის მთავრობის ხელში გადავა, 11.7%-ს კანადის და მის პროვინცია ონტარიოს მთავრობები გაინაწილებენ, 17.5% ახალ პროფკავშირს გადაეცემა, 10% კი გაკოტრებული კომპანიის დაუკმაყოფილებელ კრედიტორებსა და გაუნაღდებელი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს გადაეცემათ.

პარალელურად, ”ჯენერალ მოტორსის” ყველა დილერი გააგრძელებს მათ მიერ გაყიდული ავტომობილების სასერვისო და საგარანტიო მომსახურებას. თავის მხრივ, ისინი აშშ-ისა და კანადის მთავრობათა გარანტიებით ისარგებლებენ. ოღონდ, ამ შეღავათებით ვერ ისარგებლებენ აშშ-ის ფარგლებს გარეთ მომუშავე დილერები.

დაბოლოს, ”ჯენერალ მოტორსი” აცხადებს, რომ გაკოტრების პროცესში, ყოველგვარი წყვეტის გარეშე იმუშავებენ კომპანიის ევროპული, ლათინურამერიკული, აფრიკული, ახლოაღმოსავლური და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შტოები.

ნანახია: 1067 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: