მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » კალიფორნიული კომპანია ელექტრომობილს გამოუშვებს
23:40
კალიფორნიული კომპანია ელექტრომობილს გამოუშვებს

ელექტრომობილების პოპულაროს ზრდის კვალობაზე, საავტომობილო სამყაროში სულ უფრო მეტი ახალი სახელი ჩნდება, რომლებიც ბაზარზე ფეხის მოკიდებას სწორედ ელექტრომობილების წარმოების ხარჯზე ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი ახალი კომპანია, სახელად ”კოდა აუტომოტივი”, აშშ-ის ბაზარზე მერმის, ოთხკარიანი საშუალო კლასის სედანით გამოჩნდება, რომლის ენერგიის წყაროც ლითიუმ-იონური აკუმულატორები, მამოძრავებელი აგრეგატი კი ელექტროძრავი იქნება, რომელიც მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს მიაწვდის.

აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, ”კოდას” სედანი 150 კილომეტრზე მეტის გავლას შეძლებს, ეს კი სრულიად საკმარისია, რომ საშუალო ამერიკელის ყოველდღიური მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ავტომობილი ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ ელექტრომობილების კლასს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ენერგიის შევსება საყოფაცხოვრებო ქსელიდან (შტეპსელიდან) შეუძლია. 220-ვოლტიან ქსელთან მიერთების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულად დამუხტვას 6 საათი დასჭირდება, თუ მძღოლს მხოლოდ 50 კილომეტრის გავლაც ჰყოფნის, მაშინ აკუმულატორების ნაწილობრივ დამუხტვაც საკმარისი იქნება, რაზეც ორ საათზე ნაკლები წავა.

საერთოდ, ელექტრომობილების წარმოებაში მთავარი ეფექტური და იაფი აკუმულატორების გამოყენებაა. ამიტომ, ”კოდა აუტომოტივი” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლითიუმ-იონური აკუმულატორების მწარმოებელ ჩინურ კომპანია ”ლიშენთან” ურთიერთობას, რომელთანაც ერთობლივ საწარმოს შექმნის. ”ლიშენი” მსოფლიოში ლითიუმ-იონური აკუმულატორების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ის ამ ტიპის ელემენტებით ამარაგებს ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა ”ეპლი”, ”მოტოროლა”, ”ვოდაფონი”, ”სამსუნგი” და სხვა.

”კოდას” გათვლებით, მისი სედანით გადაადგილებისას, ადამიანს 100 კილომეტრის გავლა საშუალოდ 3 დოლარით უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე შიდაწვისძრავიანი ავტომობილით გადაადგილებისას.

”კოდას” სედანის ენერგიით წლიური უზრუნველყოფა დაახლოებით 2 000 დოლარით იაფი დაჯდება, ვიდრე შიდაწვისძრავიანი ავტომობილისა. ათ წელიწადში კი დანაზოგი 20 000 დოლარს მიაღწევს. ”კოდას” გათვლებით, ათი წელი მისი სედანის ნორმალური ექსპლუატაციის ოპტიმალური დროა.

ამგვარად, მთლიანად ანაზღაურდება ”კოდას” ელექტრომობილის სიძვირე. მისი საბაზო 45 000 დოლარია. თუმცა, შტატ კალიფორნიაში მოქმედი სხვადასხვა შეღავათების წყალობით, ფასი თითქმის 10 000 დოლარით შემცირდება.

წარმოების დაწყების პირველ პერიოდში, ”კოდა” თავის სედანს მხოლოდ კალიფორნიაში გაჰყიდის. თუმცა, მასზე სოლიდური მოთხოვნის შემთხვევაში, ის მთელს ამერიკაშიც გაიყიდება.

ნანახია: 749 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: