მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » მახინჯი 500 ცხენის ძალით
23:12
მახინჯი 500 ცხენის ძალით

სწორედ სიტყვა მახინჯი მოადგება პირზე ადამიანს, როდესაც პატარა ბრიტანული კომპანია ”არიელის” ერთადერთ მოდელს - ”ატომს” დაინახავს. მაგრამ მახინჯსაც შეიძლება, ჰქონდეს დადებითი თვისება და ამ მხრივ, გამონაკლისი არც ”ატომია”, რომელსაც 0-100 კმ/სთ აჩქარება სულ რაღაც 2.7 წამში შეუძლია. ამაზე უკეთესი აჩქარებით, სულ რამდენიმე მცირესერიული ავტომობილი თუ გამოირჩევა. მაგალითად, ”ბუგატი ვეირონი” (2.5 წამი), ან ”კაპარო T1” (საევე 2.5 წამი).
ჰოდა, ”არიელშიც” ჩამორჩენის აღმოფხვრა გადაწყვიტეს და თავიანთ ერთადერთ ქმნილებას ცხენის ძალები დაუმატეს. თავიდან მათ მიზნის მისაღწევად კომპანია ”RS პერფორმენსს” უხმეს, რომელმაც მათ 2.4-ლიტრიანი V8 ტურბოაგრეგატი შესთავაზა. მაგრამ რამდენადაც ამ ძრავს ”არიელის” მთავარი კონკურენტი - ”კატერჰემ ლევანტეც” იყენებს, ”არიელმა” საკუთარი ძრავის შექმნა გადაწყვიტა. მართალია, ამის გამო, წინასწარ ანონსირებული 500-ცხენისძალიანი მოდელის (არიელ 500) გამოშვება ოდნავ დაგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ, საბოლოო პროდუქტი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.
ყოველგვარი ტურბოკომპრესორის გარეშე, 3.0-ლიტრიანი V8 დაგეგმილ 500 ცხენის ძალას იძლევა. ძრავს კი 6-საფეხურიანი, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდა. შედეგად, როგორც ”არიელი” ირწმუნება, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.5 წამში ასწრებს, 160 კმ/სთ-ს ასაკრეფად კი 6 წამზე ნაკლები ჰყოფნის.
”არიელი” სულ 25 ცალი ”არიელ 500-ის” გამოშვებას გეგმავს. წარმოების დაწყება მერმის, ზაფხულის დასაწყისში იგეგმება. კომპანიის შეფ საიმონ სანდერსის განცხადებით, ავტომობილი 100-130 ათასი გირვანქა სტერლინგი ეღირება. ამასთან, ამ ავტომობილის ყველა მყიდველს ექსტრემალური მართვის სპეციალური კურსების გავლა მოუწევს, რათა ”არიელ 500-ის” მტაცებლურ ხასიათს გაუმკლავდეს.
სანდერსი ამბობს, რომ პირველი 25 ”არიელ 500-ის” რეალიზაციის შემდეგ, მისი კომპანია, სპეციალურად ამ ავტომობილისთვის, ახალ ძარასაც დაამზადებს. სხვათა შორის, ადრე ”არიელის” გეგმებში 600–800 ცხენისძალიანი, V12 ძრავის შექმნაც შედიოდა, მაგრამ დღეს სანდერსი თვლის, რომ შიდაწვის ძრავებს მომავალი არ აქვს. ამიტომ, მონსტრი აგრეგატის გეგმა შეჩერებულია. სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოიწია ჰიბრიდული და ელექტროძრავებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოების იდეამ. არც ისაა გამორიცხული, რომ ”არიელი” ისევ მოტოციკლების წარმოებას დაუბრუნდეს...

ნანახია: 738 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: