მთავარი » 2010 » ივნისი » 14 » ”მინი” კუპესა და როდსტერს გამოუშვებს
17:01
”მინი” კუპესა და როდსტერს გამოუშვებს
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ინგლისური კომპანია ”მინი”, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, ორ ახალ მოდელს - კუპესა და როდსტერს გამოუშვებს. ”მინის” ამერიკული განყოფილების პრეზიდენტმა ჯიმ მაკდაუელმა განაცხადა, რომ ”მინი კუპეს” წარმოება მერმისს, აგვისტოში დაიწყება, მისი ღიაძარიანი ვერსია, ”მინი როდსტერი” კი ბაზარზე ერთი წლით გვიან გამოჩნდება

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის შარშანდელ ავტო გამოფენაზე, ”მინიმ” ორი კონცეპტუალური მოდელი - ”კუპე” და ”როდსტერი” გამოფინა და პირველად გვამცნო იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, მის სამოდელო გამას ეს ორი ავტომობილი დამატებოდა.


ახალი სერიული ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ფარეფნულად ეს ავტომობილები ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპციებს ძალიან დაემსგავსება, რადგან მათ დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ სპორტული ავტომობილები საბაზო ჰეჩბეკზე მსუბუქები იქნება. ამასთან მათი დიზაინიც ოდნავ განსხვავებული იქნება, თუმცა საერთო ჯამში, ნაცნობსა და ავტომოყვარულთა შორის ერთობ პოპულარულ იერს შეინარჩუნებენ.

ამასთან, ორივეს აღჭურვილობა კონცეპტუალური მოდელების მსგავსი იქნება. ფრანკფურტში ნაჩვენები კუპე აღჭურვილი იყო 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 211 ცხენის ძალას იძლევა. სხვათა შორის, ამ ძრავს მის მიერ ”მინის” ჰეჩბეკის მოდერნიზებისას, სატუნინგო ატელიე ”ჯონ კუპერ უორკსი” იყენებს. რაც შეეხება ”როდსტერს”, მის კაპოტქვეშ, ასევე 1.6-ლიტრიანი ძრავი, ოღონდ ტურბოს გარეშე მოთავსდა და ის ”მხოლოდ” 175 ცხენის ძალას იძლევა.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ცნობილი არაა, ამ ორიდან რომელი ძრავებით აღიჭურვება უახლესი ”კუპე” და ”როდსტერი”. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ორივე ავტომობილს ”მინის” ოქსფორდის ქარხანა გამოუშვებს.

ნანახია: 996 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: