მთავარი » 2009 » დეკემბერი » 19 » მხოლოდ სამი ცილინდრი C-კლასის ”მერსედესისთვის”
23:43
მხოლოდ სამი ცილინდრი C-კლასის ”მერსედესისთვის”


საწვავის გაძვირება და გარემოზე ზრუნვა ის მიზეზებია, რომელთა გამოც, ავტომწარმოებლები ეკონომიური ავტომობილების წარმოებას სულ უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ, მყიდველიც, არჩევანის გაკეთებისას, სულ უფრო ხშირად, სწორედ გარემოზე ზრუნვას ავლენს მაშინაც კი, როდესაც ის პრემიუმ სეგმენტის ავტომობილს ყიდულობს.

ჰოდა, რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ მაღალი კლასის ავტომობილების ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა ”მერსედეს-ბენცი” და ”ბეემვე”, ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს ინტენსიურად ამუშავებენ და ასე განსაჯეთ, ძრავების ლიტრაჟსაც კი ამცირებენ, რაც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

ასე მაგალითად, ”მერსედეს-ბენცს” დამუშავებული აქვს ტექნოლოგია ”დიზოტო”, რომელშიც დიზელისა და ბენზინის ძრავების თვისებებია შერწყმული. ამ ძრავის ტესტირების დროს, S-კლასის სედანმა ერთი გალონი (3.785 ლიტრი) საწვავით 62.4 კილომეტრის გავლა შეძლო. პარალელურად, შტუტგარტელები გამალებით ამზადებენ S400-ის და ML450-ის ჰიბრიდულ ვერსიებს, რომელთა წარმოებაც რამდენიმე თვეში აიღებს სტარტს.

უფრო მეტიც, ჰოლანდიური ჟურნალი ”აუტოუიკ” იტყობინება, რომ ”სამქიმიანები” უფრო რადიკალურ ნაბიჯსაც ამზადებენ. ჟურნალის კორესპონდენტთან საუბრისას, ”მერსედეს-ბენცის” კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის შეფი თომას ვებერი ამბობს, რომ 2012 წლამდე მისი კომპანიის სამოდელო გამის უკლებლივ ყველა მოდელს აუცილებლად ექნება ჰიბრიდული ვერსია, ზოგიერთ მოდელზე კი სამცილინდრიანი ძრავებიც კი გამოჩნდება. ასეთი ძრავები ოთხცილინდრიანებზე გაცილებით მსუბუქი და ეკონომიური იქნება და იმავდროულად, სიმძლავრეშიც არ ჩამორჩება.

ვებერის თქმით, ამ ეტაპზე, ”მერსედეს-ბენცი” ეძებს პარტნიორს, რომელიც სამცილინდრიანი ძრავების შემუშავებაში დაეხმარება. ასეთ ძრავებს შტუტგარტელები თავიანთ პატარა ავტომობილებზე - ”სმარტზე”, A და B კლასის ჰეჩბეკებსა და C-კლასის სედანზეც კი გამოიყენებენ.

ნანახია: 791 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: