მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » მოსლი დათმობას არ აპირებს
23:36
მოსლი დათმობას არ აპირებს

გერმანულ გამოცემა ”მოტორშპორტ აკტუელთან” საუბრისას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ განაცხადა, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან არანაირ დათმობას არ აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ წინასწარ განაცხადებს უკან გაიხმობენ, მაშინ ჩემპიონატს მათ გარეშე, ახალ გუნდებთან ერთად ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მონაკოს რბოლის შემდეგ, ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციამ (FOTA) თათბირი გამართა, რომლის მიზანიც მოსლისთან მოლაპარაკების ტაქტიკის შემუშავება იყო. მაშინ გადაწყდა, რომ გუნდებს განაცხადები დროულად შეეტანათ. იმავდროულად, მათ FIA-ს ახალი სპორტული და ტექნიკური რეგლამენტის შემოღების ერთი წლით გადადება სთხოვეს. მაგრამ მოსლი დათმობას არ აპირებს.

არადა, 12 ივნისს იწურება ახალი ”თანხმობის ხელშეკრულების” გაფორმების ვადა, რომელმაც გუნდებსა და ფედერაციას შორის ურთიერთობა სამი წლით უნდა დაარეგულიროს. სწორედ ამ დღეს აპირებენ გუნდები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, მომავალ სეზონში, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში იასპარეზებს თუ არა ”ფერარი”, რომელიც მოსლის გეგმის მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე აქტიური და პრინციპულია.

მოქმედ გუნდებს შორის, ”უილიამსია” ერთადერთი, რომელმაც ფედერაციაში განაცხადი უპირობოდ შეიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ინგლისური გუნდი მომავალი წლის ჩემპიონატში მონაწილეობას ეჭვსგარეშე მიიღებს. არის ლაპარაკი იმაზეც, რომ ”უილიამსს” მალე ”ბრაუნ GP” და ”ფორს ინდია” მიბაძავენ, ავსტრიელი მილიარდერი დიტრიხ მატეშიცი კი თავის მეორე გუნდ ”ტორო როსოს” გაყიდის, გუნდის ახალი მფლობელი კი ჩემპიონატში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს (წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდის შესაძენად მილიონობით დოლარის გადახდა ფულის უაზრო ფლანგვა იქნება). ასევე ამბობენ, რომ ახალ რეგლამენტს მალე დაეთანხმებიან ”რედ ბული” და ”მაკლარენი”. ეს უკანასკნელი მალე საგზაო სპორტული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს და ფ1 მისთვის საუკეთესო სარეკლამო საშუალება იქნება.

სანამ მოქმედი გუნდები ჭირვეულობენ, ფ1-ში დებიუტის სურვილი უკვე 9 გუნდმა გამოთქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსლის მომავალ სეზონში სასტარტო რიგის შევსების პრობლემა არ ექნება. ამ გუნდებიდა ორი - ამერიკული US GP და ავსტრიული ”სუპერფანდი” სრულიად ახლებია, თუმცა მათ ფორმულა ერთში გამოცდილების მქონე ადამიანები უხელმძღვანელებენ. ორ ინგლისურ გუნდს - ”ლოლას” და ”მარჩს” ფ1-ში ადრეც მიუღიათ მონაწილეობა. დანარჩენი ხუთი კი სხვა კლასის სერიებში ასპარეზობენ. ესენია: ინგლისურ-კუვეიტური ”პროდრაივ-ასტონ მარტინი” (რალის მსოფლიო ჩემპიონატი და ლე მანის 24-საათიანი რბოლა), იტალიური ”N.ტექნოლოჯი” (ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატი), ესპანური ”ეპსილონ ეუსკადი” (”რენოს” მაოფლიო სერია და ლე მანის 24-საათიანი რბოლა), ბრიტანული ”ლაიტსპიდი” (ფ3) და ესპანური ”კამპოს მეტა 1” (GP2).

სტამბულის დიდი პრიზის დღეებში გუნდები ერთმანეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებენ და ერთიანი პოზიციის შემუშავებას კიდევ ერთხელ ეცდებიან. 12 ივნისს კი გაირკვევა, როგორი იქნება მომავალი წლის ჩემპიონატი.

ნანახია: 704 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: