მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ოპელი” კანადური კომპანიის ხელში გადადის
23:04
”ოპელი” კანადური კომპანიის ხელში გადადის

”ოპელის” საგა დასასრულს მიუახლოვდა - როიტერის სააგენტო გვამცნობს, რომ ”ჯენერალ მოტორსსა” და მაკომპლექტებლების მწარმოებელ კანადურ-ავსტრიულ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლს” შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მალე ”ოპელის” მფლობელი ”მაგნა” გახდება. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ პარასკევს, გერმანიის მთავრობასთან ”ოპელის” თაობაზე მოლაპარაკება აღარ გააგრძელა ”ფიატმა”, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვისზე შეაჩერებს თავის არჩევანს გერმანიის მთავრობა, რომლის თანხმობის გარეშეც, ”ჯენერალ მოტორსსა” და ”მაგნას” შორის გარიგება ვერ განხორციელდება.
ინკოგნიტო წყაროსგან მიღებულ ინფოზე დაყრდნობით, როიტერი იუწყება, რომ ”ჯენერალ მოტორსსა” და ”მაგნას” შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება კანადურ კომპანიასა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის. გუშინვე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ”ოპელის” ბედი დღესვე გადაწყდება.
როგორც ჩანს, გერმანიის მთავრობა მაინც ”ჯენერალ მოტორსის” გაკოტრების გამოცხადებას ელოდება. ეს კი კვირას ან ორშაბათს არის მოსალოდნელი. გაკოტრება კი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია, რომელიც შარშანდლამდე 75 წლის განმავლობაში, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი იყო, არსებობას შეწყვეტს. უბრალოდ, ის რეორგანიზაციას გაივლის, რის შემდეგაც მისი აქციების 72.5% აშშ-ის მთავრობის ხელში გადავა, 17.5%-ს კი ავტოპროფკავშირები მიიღებენ. თავად კომპანიას კი სახელი გადაერქმევა.
ბოლო მომენტამდე, ”ოპელის” შეძენის ყველაზე რეალური პრეტენდენტი იტალიური ”ფიატი” იყო, მაგრამ მისმა შეფმა სერჯო მარკიონემ გუშინ გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება არ გააგრძელა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ტურინელები ბრძოლას გამოეთიშნენ.
”მაგნა ინტერნეიშნლი” კანადური კომპანიაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში საავტომობილო მაკომპლექტებლების უდიდესი მწარმოებელია. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ის ავსტრიელმა ემიგრანტმა ფრანკ შტრონახმა დააარსა, ვისაც ”ოპელით” რუსული ავტობაზრის დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი. ”მაგნას” ავტომობილების ამწყობი ქარხანა აქვს ავსტრიის ქალაქ გრაცში, სადაც სხვადასხვა კომპანიების შეკვეთებით ავტომობილებს აწარმოებს.

ნანახია: 749 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: