მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”პორშე” ”კარერა GT-ს” შემცვლელს გამოუშვებს
23:08
”პორშე” ”კარერა GT-ს” შემცვლელს გამოუშვებს

ხუთი წელია, რაც ”პორშემ” თავისი ყველაზე სწრაფი და ძვირი სერიული ავტომობილის - ”კარერა GT-ს” წარმოება შეწყვიტა, მაგრამ ის მაინც ძველებურად პოპულარულია ავტომოყვარულებს შორის. როგორც ჩანს, სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობამ და ამ კლასის ახალი ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა.
უკვე შერჩეულია ბაზისიც, რომელზეც ახალ სუპერავტომობილს დაამყნობენ. ესაა ლე მანის ამერიკული სერიის (ALMS) მონაწილე ”პორშე RS სპაიდერი” რომელიც ბრწყინვალე მონაცემებით გამოირჩევა. რაც მთავარია, ”RS სპაიდერს” თავის (LMP2) კლასში მოგებული აქვს ლე მანის 24-საათიანი რბოლა, აბსოლუტურ კლასში კი სებრინგის (აშშ) 12-საათიან რბოლაში გაიმარჯვა. 2006-2008 წლებში კი, LMP2 კლასში, ALMS სერიაში, გუნდებს შორის მოიპოვა ჩემპიონის წოდება.
”RS სპაიდერი” აღჭურვილია 3.4-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 485-503 ცხენის ძალას (10 300 ბრ/წთ-ზე) იძლევა. თავად ავტომობილი კი მხოლოდ 775 კილოგრამს იწონის. მაგრამ ეს პარამეტრები ოდნავ შეიცვლება. კერძოდ, ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე მოიკლებს, ავტომობილის წონა კი 1000 კილოგრამამდე გაიზრდება. ამგვარად, შენარჩუნდება წონისა და სიმძლავრის ის ფარდობა, რომელიც ”კარერა GT-ს” ჰქონდა.
ალბათ, შეიცვლება ძრავი. სამაგიეროდ, უცვლელად დარჩება კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შასი და ტრანსმისია. ოდნავ დარბილდება საკიდარი, რომელსაც უფრო ხშირად მოუწევს სარბოლი ტრასის გზის საფართან შედარებით, ქალაქის ოდნავ უხეში გზისგან მიღებული ბიძგების ჩახშობა. ავტომობილი მორადგილიანი იქნება და ის როდსტერის ღია ძარას მიიღებს. არაა გამორიცხული, რომ მომავალში კუპეს ძარითაც აღიჭურვოს.
სურათზე ”პორშე RS სპაიდერი”.

ნანახია: 771 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: