მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ფიატი” მადას არ კარგავს
23:11
”ფიატი” მადას არ კარგავს

მიუხედავად იმისა, რომ ”ოპელის” დასაუფლებლად გამართული ერთთვიანი პაექრობა კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” დათმო, ”ფიატი” მაინც არ ცხრება და გაფართოების ახალ გზებს ეძებს. ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით, იტალიურ კომპანიაში ამ ეტაპზე ყველაზე პერსპექტიულად ფრანგულ ”პეჟო-სიტროენთან” ალიანსის ჩამოყალიბებას თვლიან. პარალელურად, ტურინელები ჯერაც ინარჩუნებენ იმედს, რომ ”ჯენერალ მოტორსის” სამხრეთამერიკულ ბიზნესის შეძენის საშუალება მიეცემათ.
”რას ვიზამთ, ”ოპელით” ცხოვრება არ მთავრდება. თუ ”ოპელის” ტრანსაქცია ჩვენთვის მიუწვდომელი დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა. ახლა ჩვენ იმ საქმეს გავაგრძელებთ, რაზეც ხელი მიგვიწვდება”, - ამბობს ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე.
”ფიატის” უახლოესი მიზანი ამერიკულ კომპანია ”კრაისლერის” შესყიდვის პროცესის დასრულებაა. ზემოთ ნახსენები კომპანიების გარდა, იტალიურ კომპანიას ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედური ”სააბის” შეძენაც სურდა, მაგრამ ეს ვარიანტი ახლა თითქმის გამოირიცხა, რადგან ”სააბს” მჭიდრო ტექნოლოგიური კავშირი აქვს ”ოპელთან”, რომლის ვერშეძენის შემდეგაც, ”სააბით” ”ფიატის” დაინტერესება განელდა.
პარალელურად, დასავლურ პრესაში კვლავ გაიხსენეს ეგრეთ წოდებული ეიფელის გეგმა, რომელიც ”ფიატსა” და ”პეჟო-სიტროენს” შორის სტრატეგიული ალიანსის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით, ”ფიატი” ფრანგული გიგანტის აქციების 41-45 პროცენტს დაეფლება.თუ ეიფელის გეგმა განხორციელდა, წარმოიქმნება ევროპის უდიდესი ავტოკომპანია, რომელსაც მთავარი ოფისი პარიზში ექნება და რომელსაც სათავეში მარკიონე ჩაუდგება. ამ გეგმის მხარდამჭერად ”ფიატის” პარტნიორი ბანკი - ”მედიობანკა” სახელდება, რომლის წყალობითაც, რამდენიმე წლის წინ, ”ფიატმა” უმძიმეს კრიზისს დააღწია თავი.

ნანახია: 678 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: