მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » საფრანგეთი ფორმულა 1-ის ეტაპისთვის იბრძოლებს
23:07
საფრანგეთი ფორმულა 1-ის ეტაპისთვის იბრძოლებს

საფრანგეთის მთავრობა ყველანაირად ეცდება, რომ ფორმულა ერთის ეტაპის მასპინძლობის უფლება დაიბრუნოს. ამის თაობაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ფელონმა განაცხადა.
საფრანგეთის დიდი პრიზი უძველესია ამ ტიპის რბოლებს შორის და ის ფორმულა 1-ის კალენდარში ყოველთვის შედიოდა, მაგრამ შარშან ოქტომბერში, მისმა ორგანიზატორებმა, ფინანსური პრობლემების გამო, რბოლა, რომელსაც პროვინცია ნევერში მდებარე ”მანი კურის” ავტოდრომი მასპინძლობდა, გააუქმეს და შესაბამისად, ის წლევანდელ კალენდარში ვერ შევიდა.
”ჩვენი მთავრობა ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საფრანგეთის დიდი პრიზი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ფორმულა ერთის კალენდარში. ეს შეიძლება 2010 ან 2011 წელს მოხდეს. ამ ეტაპზე ჩვენ ავტოდრომს ვარჩევთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი ტრასის აშენება დაგვჭირდეს. ამ შემთხვევაში, კალენდარში ჩვენი რბოლის დასაბრუნებლად უფრო მეტი დრო დაგვჭირდება”, - ამბობს ფელონი.
”მანი კურის” ავტოდრომი თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის შუაგულში, პროვინციაში მდებარეობს და ძნელად მისადგომია, ის გუნდებს და მათს სპონსორებს გულზე არ ეხატებათ. ფორმულა 1-ის შეფი ბერნი ეკლსტოუნი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ფრანგები ავტოდრომს პარიზის სიახლოვეს ააგებენ.
კითხვაზე, სანამ ახალი ტრასა აშენდება, საფრანგეთის დიდი პრიზის ჩასატარებლად ძველს ხომ არ გამოიყენებენ, ფელონი პასუხობს: ”ვფიქრობ, ეს აუცილებლად მოგვიწევს, რადგან 2012 წლამდე ახალი ტრასა ვერ აშენდება, ჩვენ კი ვერ დავუშვებთ, რომ ამდენ ხანს საფრანგეთში რბოლა არ ჩატარდეს”.
კარგა ხანს, ახალი ფრანგული ავტოდრომის ასაშენებლად, საუკეთესო ადგილად პარიზის დისნეილენდი სახელდებოდა, რომლის სიახლოვესაც უამრავი სასტუმრო მდებარეობს და რკინიგზაც ახლოს გადის. მაგრამ შარშან, ნოემბერში, ის ვარიანტი უარყოფილ იქნა.
ცნობისათვის, საფრანგეთის დიდი პრიზის ბოლო გამარჯვებული ბრაზილიელი ფელიპე მასაა, რომელმაც ”მანი კურზე” გამარჯვება ”ფერარის” ბოლიდით, შარშან (სურათზე) იზეიმა.

ნანახია: 771 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: