მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ”ვოლვო” პლაგ-ინ ჰიბრიდს გამოუშვებს
23:15
”ვოლვო” პლაგ-ინ ჰიბრიდს გამოუშვებს

კრიზისში მყოფმა შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის ამზადებს ახალ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ ავტომობილს, რომლის კონვეიერზე დაყენებაც 2012 წელს იგეგმება. ეს არის ”ვოლვოს” მიერ წამოწყებული ეკო-კამპანიის (დრაივ ტუვარდს ზერო) ბოლო ეტაპი, რისი მიღწევის შემდეგაც, კომპანია მასობრივად შეუდგება ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებას.

ამ საქმეში ”ვოლვოს” პარტნიორობას გაუწევს შვედური ენერგო კომპანია ”ვატენფალი”, რომელთან ერთადაც ავტომწარმოებელმა ერთობლივი საწარმო შექმნა. ამ საწარმოს მთავარი მიზანი კი ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა.

ამ ორმა კომპანიამ თანამშრომლობის შეთანხმებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიაღწია. მათ შარშან კიდევ ერთი შვედური ავტომწარმოებელი - ”სააბი” შეუერთდა. ალიანსის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავება და წარმოებაში დანერგვაა. მას შემდეგ, ”ვოლვომ” ჰეჩბეკ C30-ზე ბაზირებული პლაგ-ინ ჰიბრიდი უჩვენა, ”სააბმა” კი კონცეპტუალური ბიოჰიბრიდული 9-X წარმოადგინა.

დღეს კი ”ვოლვო” აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ტესტირებისთვის ამზადებს პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ სამ V70-ს (სურათზე), რომელთა საგზაო გამოცდები ზაფხულში დაიწყება.

გამოცდების პარალელურად, ამ მანქანების მეშვეობით, ”ვოლვო” მძღოლების აზრს შეისწავლის და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ავტომობილის მცირე მოდერნიზაციას ჩაატარებს. პარალელურად, ”ვატენფალი” ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების და სწრაფად დამმუხტავ მოწყობილობათა კონსტრუქციას დაამუშავებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ”ვოლვო” თავის ჰიბრიდულ დანადგარებში, ბენზინის ძრავის ნაცვლად, დიზელის აგრეგატს გამოიყენებს, რითაც ეკონომიურობის მაჩვენებლით, სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტის ისეთ ლიდერებს, როგორიც ”ტოიოტა პრიუსი” და ”ჰონდა ინსაითია”, მალე კი მათ ”შევროლე ვოლტიც” დაემატება.
ნანახია: 791 | დაამატა: BMW | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *: